English / ქართული / русский /
ირინე მამალაძეთეა ლაზარაშვილი
ეკონომიკური ზრდა, როგორც სიღარიბის დაძლევის მნიშვნელოვანი ფაქტორი

ანოტაცია. სიღარიბის პრობლემა ყოველთვის იყო და რჩება ყველაზე რთულ გადასაწყვეტ პრობლემად. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ ეპოქაში სიღარიბე ხასიათდებოდა სპეციფიკური ფორმებითა და გამოვლინებებით, რომლებიც სახელმწიფოს ისტორიითა და ტრადიციებით იყო განპირობებული. ღარიბებზე მნიშვნელოვანი ზრუნვა აქტუალურია მხოლოდ ეკონომიკურად და სოციალურად განვითარებული საზოგადოებისათვის.

სიღარიბე რთული, მრავალმხრივი პრობლემაა, რომლის წარმომშობი მიზეზები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ხასიათს ატარებს. რთულია ამ პრობლემის გადაწყვეტის უნივერსალური საშუალება მოიძებნოს, რომლის გამოყენებაც გლობალურ დონეზე იქნებოდა შესაძლებელი. ამ პრობლემის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი სიღარიბის დასაძლევად მიმართულმა კონკრეტული ქვეყნების პროგრამებმა უნდა ითამაშოს,  თუმცა ეროვნულ დონეზე გასატარებელი ღონისძიებების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალისხმევაცაა საჭირო.

საკვანძო სიტყვები: სიღარიბე, ცხოვრების დონე, ეკონომიკის განვითარება, ეკონომიკური ზრდა. 

სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა, შემოსავლების შედარებით სამართლიანი გადანაწილება და ადამიანისეული რესურსების განვითარება ჯერ კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. 

როგორც წესი, გარემოს დაცვის სფეროში მიმართული პოლიტიკა, რომლის მიზანია რესურსების რაციონალური გამოყენება და ძირითადად მიმართულია რესურსების შენარჩუნებასა და დაცვაზე, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს იმ ადამიანთა ინტერესებს, რომელთათვისაც ეს რესურსები არსებობის საშუალების წყაროს წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთმა პოლიტიკამ შეიძლება უარ­ყოფითი ზემოქმედება გამოიწვიოს როგორც სიღარიბის პრობლემის გადაწყვეტის თვალსაზრისით, ისე გარემოს დაცვისა და რესურსების შენარჩუნების სფეროში გრძელვადიან პერიოდში წარმატებული შედეგების ალბათობის კუთხით. ანალოგიურად, საქონლის წარმოების გადიდებისაკენ მიმართული პროგრამა არ ითვალისწინებს რესურსების რაციონალურად გამოყენების ფაქტორებს, რომლებიც წარმოების საფუძველია და რომელიც ადრე თუ გვიან წარმოების შემცირებას გამოიწვევს, რაც შესაბამისად სიღარიბის პრობლემის გამწვავების საფუძველია. მდგრადი განვითარებისათვის ერთ-ერთი ძირითადი პირობა სიღარიბესთან ბრძოლის კონკრეტული სტრატეგიების არსებობაა. როდესაც საუბარია სიღარიბის, განვითარებისა და გარემოს დაცვის პრობლემების ერთდროულად გადასაწყვეტ ეფექტიან სტრატეგიაზე, პირველ რიგში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ასპექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია რესურსებთან, წარმოებასთან,  ადამიანებთან და იგი უნდა მოიცავდეს დემოგრაფიულ პრობლემებს, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების საკითხებს და ა.შ.

ასეთი საქმიანობის წარმატებულად წარმართვისათვის საჭიროა, რომ საერთაშორისო  მხარადაჭერასთან ერთად, მოხდეს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა განვითარებად ქვეყნებში, სადაც სიღარიბის აღმოსაფხვრელად მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს  პირდაპირი ზომები.

ეკონომიკის განვითარება ამცირებს სიღარიბის დონეს სამსახურში მიღებისა და სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამების ფინანსირების შექმნის შესაძლებლობის გზით.

მდგრადი ეკონომიკური ზრდის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სიღარიბის მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობა მცირე შემოსავლების მქონე ქვეყნებში, რომელთა უმრავლესობა სამხრეთ აზიასა და აფრიკაში მდებარეობს. სწრაფი ეკონომიკური ზრდა მრავალი სამუშაო ადგილის შექმნისა და სააგადასახადო შენატანების ზრდის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც მიემართება სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამების დასაფინანსებლად. ამ მიდგომის მოწინაღმდეგეთა აზრით, ეკონომიკური ზრდის სიკეთე ძნელად აღწევს ღარიბებამდე, მაგრამ ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ ეკონომიკური ზრდის არარსებობის პირობებში დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს არ ექნებათ ბიუჯეტში საკმარისი სახსრები, რომლებსაც  მდგრადი განვითარებისთვის მიმართავენ.

ლიდერი ქვეყნებისათვის ჯერ კიდევ 1950 წლიდან მოყოლებული პირველხარისხოვან ამოცანას წარმოადგენს სიღარიბის შემცირება (ინდოეთის განვითარების რეალიზაციის პროგრამა), მაგრამ ქვეყნის უკიდურესი სიღარიბისა და საკმაოდ შეზღუდული ეკონომიკური ზრდის გამო სიღარიბესთან ბრძოლა ინდოეთში ათწლეულების განმავლობაში არ ღებულობდა სათანადო დაფინანსებას მნიშვნელოვანი მასშტაბით. დაბალი შემოსავლებისა და შენელებული ეკონომიკური ზრდის გამო  ღარიბი მოსახლეობა არ სარგებლობდა დაბალი ეკონომიკური ზრდის პირდაპირი კეთილდღეობით – სამუშაო ადგილების გაზრდით, სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამების ადეკვატური დაფინანსებით და ა.შ. ამასთან ერთად, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა კორეის რესპუბლიკა, ტაივანი და ჩინეთი, რომლებმაც XX საუკუნის 60-იან წლებში შეძლეს გასულიყვნენ მაღალი ეკონომიკური ზრდის გზაზე, მოკლე დროში მოახერხეს თავიანთი მოსახლეობის გამოყვანა სიღარიბიდან.

3 ათწლეულის განმავლობაში ნელი ეკონომიკური ზრდისა და შემდგომ პერიოდში შედარებით დაჩქარებული ეკონომიკური განვითარების კუმულაციური ეფექტის შედეგად, ინდოეთში სიღარიბესთან ბრძოლის გაუმჯობესების ნიშნები გამოიკვეთა და კიდევ რამდენიმე ათწლეულის შემდგომ საშუალო წლიურმა ეკონომიკური ზრდის ტემპმა 6%-ს მიაღწია. ამის შედეგად ქვეყანამ შეძლო ფართომასშტაბიანი პროგრამების დანერგვა სოციალურ სფეროში:  სოფლად საო­ჯახო მეურნეობებისათვის გარანტირებული დასაქმების პროგრამა, უფლებების რეალიზაცია განათლებასა და საკვების უსაფრთხოებაზე და ა.შ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროგრამებს უამრავი ნაკლოვანება გააჩნია, რაც  შესაბამისად ეკონომიკურ ზრდაზეც აისახება.

ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ რესურსების უზრუნველყოფაში, რომლებიც აუცილებლობას წარმოადგენს სიღარიბესთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი პროგრამების ფინანსირებისათვის. აგრეთვე   შეუძლებელია არ აღინიშნოს ეკონომიკური ზრდის უშუალო ქმედება სიღარიბის შემცირებაზე. კორეის რესპუბლიკაში,  ტაივანსა და ჩინეთის პროვინციაში XX საუკუნის 60-იან წლებში,  შემდგომ კი ჩინეთსა და ვიეტნამში მრეწველობის შრომატევადი დარგების სწრაფმა ზრდამ სოფლის მეურნეობის მუშაკთა მასის უდიდესი ნაწილის კარგად ანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე მოზიდვა განა­პირობა და საბოლოოდ ამან იმ პერიოდში რეალური ხელფასის საშუალოწლიური ზრდა გამოიწვია 10%-ით.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შრომატევადი წარმოების ზრდის შემაკავებელი პოლიტიკა ნაკლებ შესაძლებლობებს სთავაზობს ღარიბებს. მრავალი წლის განმავლობაში ინდოეთში მოქმედებდა შეზღუდვა, რომლის შესაბამისადაც შრომატევად პროცესებთან დაკავშირებული თითქმის ყველა საქონელი იქმნებოდა სა­წარმოთა  მიერ კაპიტალდაბენდებების მაქსიმალური მოცულობით, რამაც გამოიწვია სრულიად არაეფექტიანი მცირე საწარმოების გავრცელება, რომელთაც გააჩნდათ მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები შრომატევადი წარმოების საქონლის სარეალიზაციოდ. იმისდა მიუხედავად, რომ დღეისათვის ასეთ პრაქტიკაზე თითქმის ყველამ უარი თქვა, შრომითი კანონმდებლობის მკაცრი ზომები ეკონომიკის ორგანიზებულ სექტორში ძველებურად ხელს უშლის მსხვილი სამრეწველო საწარმოების ჩარევას შრომატევად დარგებში. ეკონომიკური ზრდა ინდოეთში უზრუნველყოფილია ეკონომიკის სექტორებით, რომლებიც იზიდავენ მსხვილ კაპიტალსა და კვალიფიციურ სამუშაო ძალას (ძირითადად ავტომობილების მშენებლობა, ავტომობილების ნაწილების წარმოება, ნავთობგადამუშავება, მეტალურგია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ფარმაცევტიკა). ამის შედეგი იყო ინდოეთში სოფლის მეურნეობიდან შრომითი რესურსების საკმაოდ ნელი გადასვლა მრეწველობაში და, შესაბამისად, სიღარიბის შემცირებაზე ეკონომიკური ზრდის პირდაპირი ზემოქმედების სრულად გამოყენების შეუძლებლობა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად ართულებს სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამების რეალიზაციას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არსებული სიკეთეებით რომ ისარგებლონ, ღარიბები იძულებული არიან დარჩნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, რაც ხელს უშლის სამუშაო ძალის მიგრაციას ისეთი დაბალმწარმოებლური დარგებიდან, როგორიც სოფლის მეურნეობაა.

ხშირად აღიარებენ ასეთ მოსაზრებასაც, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია რეალურად შეამციროს სიღარიბის დონე ეკონომიკური ზრდის გარეშე, თუმცა ასეთი მოსაზრების მოწინააღმდეგენი ყურადღებას ამახვილებენ უთანასწორობის გამომწვევ პრობლემებზე. მათი მტკიცებით, მართალია ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას, მაგრამ უნდა ხდებოდეს მისი გაკონტროლება, რათა მან არ გამოიწვიოს უთანაბრობის გაზრდა. ასეთი არგუმენტის ერთმნიშვნელოვნად უარყოფა  სწორი არ იქნება, რადგანაც არსებობს უთანაბრობის უამრავი ალტერნატიული პარამეტრი, ამასთან მათი დინამიკა ყოველთვის ერთნაირი არაა.   

მაგალითად, შეიძლება განვიხილოთ ურთიერთკავშირი შემოსავლების საერთო განაწილებაში ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის მოსახლეობას შორის ჯინის კოეფიციენტით, რომლის სკალა მერყეობს 0-დან (აღნიშნავს აბსოლუტურ თანასწორობას) 1-მდე (გამოხატავს აბსოლუტურ უთანაბრობას). შეფასების მეორე ხერხი გულისხმობს მოსახლეობის საშუალო შემოსავლების ზედა 5%-ის შედარებას საშუალო შემოსავლების ქვედა 5%-თან. ამასთან სრულიად შესაძლებელია, რომ მსგავს პირობებში პირველი ხერხი დაგვანახებს უთანასწორობის შემცირებას, ხოლო მეორე ხერხი – პირიქით გაზრდას.

უთანასწორობის გაზომვა აგრეთვე შეიძლება ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის საშუალო შემოსავლებს შორის სხვაობის მიხედვით. აგრეთვე შეიძლება გაანალიზდეს რეგიონული უთანასწორობა (მაგ., სხვადასხვა შტატებში მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლების სხვაობის გაზომვის კუთხით). უთანასწორობა არსებობს  კვა­ლიფიციურ და არაკვალიფიციურ სამუშაო ძალის შრომის ანაზრაურებას შორის და აგრეთვე ეკონომიკის ორგანიზებული და არაორგანიზებული სექტორის მუშაკებს შორის.  უთანასწორობის შეფასების სხვადასხვა მეთოდები ძალზე მრავალფეროვანია და მათი ჩამოთვლა დიდიხანს შეიძლება.

არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზები, რის გამოც უთანასწორობა, რომელიც ფასდება ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით, გაიზრდება ეკონომიკურ ზრდასთან ერთად. ასე მაგალითად, შემოსავლების თანაფარდობა მოსახლეობის ზედა 5%-ისა და მოსახლეობის ქვედა 5%-ისა პრაქტიკულად აუცილებლად გაიზრდება სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფონზე. მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად საჭიროა მეწარმეთა კომპაქტური ჯგუფი, რომლებიც შექმნიან საკმაოდ  დიდ სიმდიდრეს კანონიერი გზით. ამ კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩებათ ამ მეწარმეებს და  სწორედ ეს შესაძლებლობა, რომ შექმნილი დოვლათის მნიშვნელოვანი ნაწილის მეპატრონებად დარჩნენ, არის მათთვის ძირითადი მოტივაცია. ეკონომიკური ზრდის საწყის ეტაპზე სწრაფი მატება ხშირად კონცენტრირდება რამდენიმე მსხვილ ქალაქში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის შემოსავლებს შორის უთანაბრობის ზრდა და სხვადასხვა უთანაბრობა რეგიონებს შორის.

მთავარი პრობლემა მდგომარეობს არა იმაში, თუ რამდენად იზრდება უთანასწორობა სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგად, არამედ თუ რამდენად ძლიერად ვლინდება უთანასწორობის ის ნაირსახეობები, რომლებიც იწვევენ მოსახლეობის უკმაყოფილებას და რა  უნდა  გაკეთდეს ამის აღმოსაფხვრელად. ზოგადად, უთანასწორობა, რომლის დროსაც მოსახლეობის ნაწილი აღმოჩნდება უკიდურეს სიღარიბეში, აბსოლუტურად მიუღებელია და ასეთ მდგომარეობასთან ბრძოლას უნდა ჰქონდეს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა. მანამ, სანამ არსებობს უკიდურესი სიღარიბე, მისი შემცირება ყველაზე მეტად ხელშესახებ შედეგს გამოიღებს უთანასწორობის ყველაზე ცუდი ფორმების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, რადგანაც უღარიბესი მოსახლეობა ძირითადად სოფლადაა, ამიტომ სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამების მეშვეობით სოფლის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა და აგრეთვე სოფლიდან ქალაქებში შრომითი რესურსების მიგრაცია ავტომატურად შეამცირებს უთანასწორობის ხარისხს ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღარიბები ძირითადად კონცენტრირებული არიან გარკვეულ რეგიონებში, რის გამოც ასეთ რეგიონებში სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამების ინტენსიური რეალიზაცია საშუალებას მისცემს უთანასწორობის შემცირებას სხვადასხვა რეგიონებს შორის.

პარადოქსულია, რომ უთანასწორობის სწორედ ის პარამეტრები, რომლებსაც ხშირად ეყრდნობიან ეკონომისტები, ჯინის კოეფიციენტია, რომელიც გამოითვლება მთელი ქვეყნისთვის ან კონკრეტული რეგიონისთვის და ყველაზე ნაკლებად ასახავს ცალკეული მოქალაქის მიერ თავისი ეკონომიკური მდგომარეობის აღქმას. 

დასკვნა

საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ უთანასწორობა შედარებით ადვილად გადასატანია ზრდადი ეკონომიკის პირობებში. თუკი მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდება  კანონიერი მეთოდებით, მაშინ ღია და კონკურენტულ საზოგადოებაში უთა­ნასწორობამ შეიძლება მასტიმულირებელი ეფექტი გამოიწვიოს. საქართვე­ლოსთ­ვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის, სიღარიბის დაძლევა ვფიქრობთ სწორედ მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე უნდა მოხდეს, რადგანაც ის შემწეობები და დახმარებები, რასაც გასცემს საქართველოს ხელისუფლება, საკმაოდ მწირია და ვერ უზრუნველყოფს სიღარიბის დაძლევის პრობლემას.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში (საქართველო 2020) აღნიშნულია, რომ დღემდე არსებულ სტრატეგიულ და საპრო­გრამო დოკუმენტებში ძირითადი მიზნები ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის მნიშვნელოვნად შემცირებას უკავშირდებოდა,  თუმცა ეს მიზნები დღემდე მიუღწეველია და ერთ-ერთ პრიორიტეტულ გამოწვევად რჩება.

მიუხედავდ იმისა, რომ ქვეყანაში წინა წლებში შეიმჩნეოდა ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპი,  ამან არსებითად არ შეცვალა მოსახლეობის დიდი ნაწილის მდგომარეობა. ამისათვის საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს, საფუძველი შექმნას გრძელვადიანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის და შესაბამისად აამაღლოს მოსახლეობის კეთილდღეობა, ხელი შეუწყოს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ ზრდას, რათა ქვეყანაში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Poverty Reduction Strategies in Developing Countries.  Edited by Paola de Salvo and Manuel Vaquero Piñeiro. 2022.
  2. Панагария А. Преодоление бедности за счет экономического роста. https://www.imf.org/external/russian/pubs/ft/fandd/2010/09/pdf/Panagariya.pdf
  3. Ишмуратова В. Г. Механизмы и инструменты борьбы с бедностью в новейшей истории США. Вестник Башкирского университета. 2010. Т. 15. №4.
  4. Головинов О.Н. Состояние уровня бедности в современной мировой экономике. Вестник Института экономических исследований. 4(12), 2018.
  5. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია (საქართველო 2020).